March 18, 2026
ავტომობილები, რომლებიც წლის საუკეთესოობისთვის იბრძოლებენ
2026 წლის World Car Awards-ის ფინალისტების სია ცნობილია! 33 ქვეყნის 98 წამყვანი ავტოჟურნალისტისგან შემდგარმა ჟიურიმ თითოეულ კატეგორიაში საუკეთესო სამეულები დაასახელა.

2026 წლის World Car Awards-ის ფინალისტების სია ცნობილია! 33 ქვეყნის 98 წამყვანი ავტოჟურნალისტისგან შემდგარმა ჟიურიმ თითოეულ კატეგორიაში საუკეთესო სამეულები დაასახელა.
დაჯილდოების ცერემონია ტრადიციულად ნიუ-იორკის საერთაშორისო ავტოშოუზე გაიმართება და გამარჯვებულები 2026 წლის 1 აპრილს გამოვლინდებიან.
Top 3 | 2026 წლის საუკეთესო ავტომობილები:

„მსოფლიოს წლის ავტომობილის“ მთავარ ჯილდოზე BMW iX3 (ახალი თაობის ელექტრო SUV) , Hyundai Palisade (მდიდრული სამრიგიანი ქროსოვერი) და Nissan Leaf (შედარებით ბიუჯეტური ელექტრომობილი) არიან ნომინირებულნი.
გასულ წელს აღნიშნული ჯილდოს მფლობელი Kia EV3 გახდა.
Top 3 | 2026 წლის საუკეთესო ელექტრომობილი:

BMW iX3 საუკეთესო ელექტრომობილებს შორისაც დასახელდა. ჯილდოსთვის კიდევ ერთი გერმანული ავტოგიგანტი - Mercedes Benz (CLA) იბრძოლებს, სამეულშია Nissan Leaf-იც.
Top 3 | 2026 წლის ყველაზე მდიდრული ავტომობილები:

ცოტა გასაკვირია, მაგრამ გერმანული ავტომობილი არ გვხვდება ე.წ მდიდრულ (Luxury) სეგმენტში, სადაც საუკეთესოობისთვის Lucid Gravity, Cadillac Vistiq და Volvo ES90 იბრძვიან.
Top 3 | 2026 წლის საუკეთესო სპორტული ავტომობილები:

როგორც ჩანს, ჟიურიმ ამ კატეგორიაში სამივე ტიპის ძრავს (ბენზინი, ჰიბრიდი, ელექტრო) მისცა შანსი, რაც კონკურენციისთვის ძალიან საინტერესოა. წლის საუკეთესო სპორტული ავტომობილების (Performance Car) სამეული ასე გამოიყურება: BMW-ს მხოლოდ ბენზინზე მომუშავე M2 CS, Chevrolet-ისჰიბრიდული Corvette E-Ray და სრულიად ელექტრო Hyundai IONIQ 6 N.
Top 3 | წლის საუკეთესო ქალაქის ავტომობილები:

ფინალისტთა შორის 2 ჩინური ავტომობილი - Baojun Yep Plus და NIO Firefly EVმოხვდა, სამეულშია Hyundai Venue-ც, რომელიც ამ მომენტისთვის აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე დაბალფასიანი ჰიუნდაია.
Top 3 | წლის საუკეთესო დიზაინი:

საინტერესოა, რომ ამ კატეგორიაში მოხვდა Kia PV5, რომელიც ,,ფურგონია’’. მისი კონკურენტები დახვეწილი დიზაინის მქონე ელექტრო Mazda EZ-6 და შვედური სედანი, Volvo ES90 იქნებიან.
World Car Awards 2003 წელს დაარსდა, პირველი გამარჯვებულები კი 2004 წელს გამოვლინდნენ. დაჯილდოების ისტორიაში ყველაზე მეტი - 11 ჯილდო გერმანულ ბრენდს, Audi-ს აქვს მოპოვებული. ამ მხრივ, 9 ჯილდოთი მე-2 ადგილს Mercedes Benz იკავებს.







