August 25, 2026
ფერარი: ერთი კაცის ოცნება, რომელიც ლეგენდად იქცა
რთულია, ავტომობილების სამყაროში იპოვო ფერარიზე უფრო მძლავრი, ემოციური და საკულტო სახელი. თუმცა, ამ ლეგენდარული ბრენდის ისტორია არც მილიარდიანი ქარხნებით და არც მარტივი ბიზნესგეგმით დაწყებულა. მის სათავეში ერთი კაცის უდრეკი ვნება, რბოლებისადმი სიყვარული და სისწრაფის დაუცხრომელი წყურვილი დგას.
-GKOvXenVyJO7Yt4TacqWioPST7eZtr.jpeg%3Fprefix%3Dprod&w=3840&q=75)
რთულია, ავტომობილების სამყაროში იპოვო ფერარიზე უფრო მძლავრი, ემოციური და საკულტო სახელი. თუმცა, ამ ლეგენდარული ბრენდის ისტორია არც მილიარდიანი ქარხნებით და არც მარტივი ბიზნესგეგმით დაწყებულა. მის სათავეში ერთი კაცის უდრეკი ვნება, რბოლებისადმი სიყვარული და სისწრაფის დაუცხრომელი წყურვილი დგას.
ენცო ფერარი არასდროს ყოფილა უბრალოდ ინჟინერი ან მეწარმე - ის იყო „ილ კომენდატორე“, კაცი, რომლისთვისაც ცხოვრება და რბოლა ერთმანეთისგან განუყოფელი იყო. 10 წლის ასაკში, ბოლონიაში, ავტორბოლის ნახვამ მასზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომელმაც მისი ბედი სამუდამოდ განსაზღვრა.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ენცო ფერარიმ კარიერა მძღოლად დაიწყო, მოგვიანებით კი Alfa Romeo-ს სარეკლამო და სარბოლო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახდა. 1929 წელს მან საკუთარი სარბოლო გუნდი - Scuderia Ferrari დააარსა, რომელიც თავდაპირველად Alfa Romeo-ს ავტომობილებით ასპარეზობდა.
*ფოტოზე - ჯუზეპე მოროზი, ნიკოლა რომეო და ენცო ფერარი; მონცა, 1923.

1939 წელს ენცოსა და Alfa Romeo-ს ხელმძღვანელობას შორის კონფლიქტი მოხდა. კომპანიამ მისი გუნდის საკუთარ სტრუქტურაში გაერთიანება და კონტროლის ხელში ჩაგდება სცადა, თუმცა ფერარიმ უარი თქვა. შედეგად, მას ოთხი წლის განმავლობაში სარბოლო ავტომობილებზე საკუთარი გვარის გამოყენება აეკრძალა.
მეორე მსოფლიო ომის წლებში ენცო იძულებული გახდა, საკუთარი კომპანია - Auto Avio Costruzioni - სამხედრო დანიშნულების პროდუქციის წარმოებისთვის გამოეყენებინა. თუმცა, მის მთავარ გატაცებად და საბოლოო მიზნად კვლავ ავტოსპორტი და რბოლა რჩებოდა.
მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე, 1945-1947 წლებში, ფერარიმ წარმოება ქალაქ მარანელოში გადაიტანა. 1947 წელს ფერარის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო - გამოჩნდა ბრენდის პირველი ავტომობილი, Ferrari 125 S, რომელიც ლეგენდარული 1.5-ლიტრიანი V12 ძრავით იყო აღჭურვილი.
ენცოსთვის საგზაო მოდელების შექმნა მხოლოდ ბიზნესის ნაწილი არ ყოფილა - ეს იყო შესაძლებლობა, მოეზიდა საჭირო ფინანსები და შეენარჩუნებინა მთავარი საქმე: სარბოლო გუნდი. სწორედ ამ პერიოდში დამკვიდრდა ბრენდის საკულტო ემბლემაც - ლეგენდარული ცხენი.
ცხენი თავდაპირველად პირველი მსოფლიო ომის გმირის, ფრანჩესკო ბარაკას, თვითმფრინავს ამშვენებდა. მოგვიანებით, წარმატების სიმბოლოდ, ბარაკას დედამ ეს ემბლემა ენცო ფერარის გადასცა. ენცომ კი ცხენს ქალაქ მოდენის პატივსაცემად მისი სიმბოლური, მზიანი ყვითელი ფონი დაუმატა.

1951 წელს ფერარიმ სილვერსტოუნში ალფა რომეო დაამარცხა, რითაც ახალი ეპოქა დაიწყო. გამარჯვების შემდეგ, ენცომ განაცხადა: „სიხარულისგან ვტიროდი. მაგრამ სიხარულის ცრემლები მწუხარების ცრემლებთან იყო შერეული, რადგან ვფიქრობდი: დღეს დედაჩემი მოვკალი.’’ ეს გამარჯვება მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო - მალე ფერარი ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ და ლეგენდარულ გუნდად იქცა, რომლის გარეშეც რბოლის წარმოდგენა უბრალოდ შეუძლებელია.




