June 30, 2026
რომელ ავტომობილის ბრენდებს ეძებენ ყველაზე ხშირად Google-ში?
ავტომობილების მიმართ ინტერესი იცვლება. საძიებო სისტემების მონაცემები კარგად ასახავს, რომელი ბრენდებით ინტერესდებიან ადამიანები ყველაზე მეტად.

გლობალურ ბაზარზე ავტომობილების მიმართ ინტერესი მუდმივად იცვლება. ციფრული მარკეტინგისა და საძიებო სისტემების მონაცემები (Google Trends-ის ბოლო ანგარიშების მიხედვით) კარგად ასახავს, თუ რომელი ბრენდებით ინტერესდებიან ადამიანები ყველაზე მეტად.
მიმდინარე წლის სტატისტიკის მიხედვით, საძიებო სისტემების სათავეში სამი ბრენდი დომინირებს.
მიუხედავად იმისა, რომ Toyota ამ სტატისტიკის ლიდერია, 2022 წლის შემდეგ ბრენდის მიმართ საძიებო აქტივობა ეტაპობრივად იკლებს. იაპონური გიგანტი ყველაზე ძიებად ბრენდად რჩება 57 ქვეყანაში (განსაკუთრებით აფრიკაში, აზიასა და სამხრეთ ამერიკაში).
BMW ბოლო პერიოდში ძველი დიდების დასაბრუნებლად გადადგმული ნაბიჯების შედეგად, კვალდაკვალ მიჰყვება Toyota-ს, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ლიდერობს და სულ რამდენიმე ქვეყანა აშორებს პირველ ადგილს.
რა ხდება Tesla-ს შემთხვევაში? ავტომობილების ყველა კატეგორიაში - მესამე, ხოლო ელექტროავტომობილებში - პირველ პოზიციას მყარად იკავებს და ყველაზე ძიებადი ავტომობილია ისეთ გიგანტურ ბაზრებზე, როგორიცაა აშშ და ჩინეთი.

მიუხედავად იმისა, რომ ეს სამი ბრენდი კვლავ მყარად ინარჩუნებს ლიდერობას, საძიებო რეიტინგებში ყველაზე დიდი პროგრესი ორ ბრენდს - ჩინურ BYD-ს და გერმანულ Mercedes-Benz-ს აქვს.
BYD-ის ხელმისაწვდომი და ტექნოლოგიურად განვითარებული ელექტრომობილები მომხმარებლის ინტერესის მთავარი ობიექტი ხდება. პარალელურად, Mercedes-Benz-მაც გასულ წლებთან შედარებით პოზიციები მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა.
ელექტრომობილებსა და ჰიბრიდებზე მოთხოვნა მსოფლიოში სტაბილურად იზრდება. ეს ტენდენცია უკვე რამდენიმე წელია შეუფერხებლად გრძელდება და მიუთითებს, რომ უახლოეს წლებში საძიებო სისტემებში ჩინურ და ევროპულ ელექტრო-ბრენდებს შორის კონკურენცია კიდევ უფრო გამწვავდება.
მომხმარებლის არჩევანი ორ პოლუსს შორის ნაწილდება - ერთ მხარეს პრაქტიკული და ტექნოლოგიური ღირებულებაა, მეორე მხარეს კი პრემიუმ ხარისხი, ემოციური კავშირი და ბრენდის პრესტიჟი.


