July 15, 2026
Ferrari-ს პირველი ელექტრომობილი
საწვავზე დამოკიდებულება თანდათან მცირდება, რაც ავტოინდუსტრიას ალტერნატიული ტექნოლოგიების განვითარებისკენ უბიძგებს.

ახალი ელექტრომობილების შექმნა და არსებული მოდელების განვითარება უკვე შეუქცევადი პროცესია. საწვავზე დამოკიდებულება თანდათან მცირდება, რაც ავტოინდუსტრიას ალტერნატიული ტექნოლოგიების განვითარებისკენ უბიძგებს.
ამ ტენდენციას Ferrari-ც შეუერთდა და ბრენდის ისტორიაში პირველი სრულად ელექტრომობილი - Ferrari Luce - წარადგინა.
ეს არის Ferrari-ს პირველი 5-ადგილიანი მოდელი, ასევე ბრენდის ისტორიაში ყველაზე გრძელი საგზაო ავტომობილი (5,026 მმ), რომელიც ზომით Purosangue SUV-საც კი აღემატება. გარდა ამისა, Luce-ს 597-ლიტრიანი საბარგული აქვს, რაც Ferrari-ს კიდევ ერთი რეკორდია.
Luce-ს ექსტერიერისა და ინტერიერის დიზაინის შექმნაზე კომპანია LoveFrom მშაობდა. სპეციალურად ამ ელექტრომობილებისთვის შექმნილმა პლატფორმამ ახალ მოდელს სრულიად განსხვავებული იერსახე შესძინა და ის ყველა სხვა Ferrari-სგან გამორჩეული გახადა.

Luce-ის შექმნისას ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი აეროდინამიკა იყო. Ferrari-ს განცხადებით, მოდელს აქვს ყველაზე დაბალი ჰაერის წინაღობის კოეფიციენტი ბრენდის ყველა აქამდე შექმნილ საგზაო ავტომობილს შორის.
Luce-ს ოთხი სინქრონული, მუდმივი მაგნიტის მქონე ელექტროძრავი ძირითადად უკანა ღერძზეა ორიენტირებული: წინა წყვილი 282 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო უკანა ორი - 831-ს. ჯამური სიმძლავრე პირდაპირი მათემატიკური ჯამი არ არის და 1035 ცხენის ძალას შეადგენს, თუმცა ეს მაინც აღემატება ნებისმიერი სხვა არასარბოლო Ferrari-ს მაჩვენებელს.
მიუხედავად იმისა, რომ Luce-ს წონა 2 268 კგ-ია, ავტომობილი 100 კმ/სთ-ს სულ რაღაც 2,5 წამში განავითარებს, ხოლო 200 კმ/სთ-ს - 6,8 წამში, მაქსიმალური სიჩქარე კი 310 კმ/სთ იქნება.
Luce-ს Ferrari-სთვის დამახასიათებელი სისწრაფე ექნება, მაგრამ შიგაწვის ძრავის იმიტირებული ხმის ნაცვლად, Luce-სთვის შეიქმნა ხმის სისტემა, რომელიც ელექტრო კომპონენტების მექანიკურ ხმებს იჭერს და მართვის რეჟიმის მიხედვით ცვლის.
ავტომობილი ევროპაში გასაყიდად მიმდინარე წლის ბოლოს გამოვა და მისი ფასი დაახლოებით 550 000 ევრო იქნება. Luce ამერიკის შეერთებულ შტატებში 2027 წლის მეორე კვარტლამდე არ გამოჩნდება, შესაბამისად, აშშ-სთვის განკუთვნილი ფასები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.



-T9vjqE0aL2MlTTp9DfPd024FnTDX3l.jpeg%3Fprefix%3Dprod&w=3840&q=75)
